თბილისი. საქართველოს იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა –საქართველო და სამართლიანი არჩევნები, 13 აპრილს მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაზე ცესკოს პასუხს ეხმაურებიან.
„საარჩევნო ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ცესკო-ს კანონით მინიჭებული აქვს პროცედურების დაზუსტების და არა კანონის მუხლების განმარტების უფლებამოსილება. მსგავს საკითხებზე გამოთქმული კომპეტენტური მოსაზრებები უნდა ეფუძნებოდეს კანონის უზენაესობის პრინციპს და არა პოლიტიკურ მიზანშეწონილობას", ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ცესკო საკითხების განსახილველად ორგანიზაციებს 16 აპრილს საჯარო დისკუსიაზე – „სამოქალაქო სექტორის როლი საარჩევნო პროცესში” იწვევს.
„გვსურს აღვნიშნოთ,რომ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის ცესკოსთან საარჩევნო საკითხებზე სადისკუსიოდ, თუმცა, მიგვაჩნია, რომ მსჯელობა იმ საკითხის გარშემო უნდა წარიმართოს, რაც აზრთა სხვადასხვაობის საფუძველი გახდა და არა ჩვენი როლის თაობაზე საარჩევნო პროცესებში, რაც ორგანიზაციებისათვის, რომლებიც მრავალი წელია საარჩევნო საკითხებზე ვმუშაობთ, ცალსახად ნათელია", ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: cesko.gov.ge, gyla.ge