თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ინფორმაციით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს სააღსრულებო წარმოების გაჭიანურების გამო მოქალაქისთვის მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურება დაევალა.
„საქმე შეეხებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის გადაწყვეტილების აღსრულებას, რომლის ფარგლებშიც სატრანსპორტო კომპანიას დაკისრებული ჰქონდა მოსარჩელის სასარგებლოდ მკურნალობის (პროთეზირების) ხარჯების ანაზღაურება.
სასამართლომ მიიჩნია, რომ უკანონო იყო ბიუროს უმოქმედობა, რაც გამოიხატებოდა მოვალის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მიწის ნაკვეთის აუქციონზე დაახლოებით 3 წლის დაგვიანებით რეალიზაციაში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
მოსარჩელის ინტერესებს ორივე დავის ფარგლებში საია იცავდა“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)