თბილისი. 25 აპრილს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდმა ევროპის მოხალისეობრივი სამსახურის სამწლიანი აკრედიტაცია წარმატებით გაიარა. აკრედიტაციის ფარგლებში ფონდს შესაძლებლობა მიეცემა მიიღოს ევროპელი მოხალისეები საქართველოში, ამავდროულად, შეარჩიოს და გაგზავნოს მოხალისეები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.
„ევროპის მოხალისეობრივი პროგრამა” არის ევროკომისიის ინიციატივის – „ახალგაზრდობა მოქმედებაში” ერთ-ერთი მიმართულება, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლია ევროპის ქვეყნებში მცხოვრებ 18-30 წლის ახალგაზრდებს. პროგრამის ფარგლებში, დაინტერესებულ პირებს უფინანსდებათ (მგზავრობის, კვებისა და ცხოვრების ხარჯები) მოხალისეობრივი სამსახური ევროპის ქვეყნებში.
„ევროპის მოხალისეობრივი პროგრამა” მიზნად ისახავს: ახალგაზრდებში საერთაშორისო მოხალისეობრივი სამსახურის ხელშეწყობას; ახალგაზრდებს შორის ტოლერანტობისა და სოლიდარობის ზრდის ხელშეწყობას; ახალგაზრდებში აქტიური მოქალაქეობისა და ურთიერთგაგების ხელშეწყობას.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში