თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ინფორმაციით, ბათუმის საკრებულოსთან მიმდინარე პროტესტის დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებული აქტივისტი სასამართლომ გაათავისუფლა.
სამოქალაქო აქტივისტი, ალბერტ არაქელოვი, დრამის ჯოხების ხის დაფაზე დარტყმით გამოხატავდა პროტესტს საკრებულოში დაგეგმილი საკითხის განხილვაზე დასწრების უფლების შეზღუდვის და თავად განსახილველი საკითხის მიუღებლობის გამო. საკრებულო ბათუმის ზღვისპირა პლაჟის მონაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით იჯარით სარგებლობაში გადაცემის საკითხს განიხილავდა. პროტესტის გამოხატვის დროს, პოლიციამ აქტივისტი წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავა.
„ბათუმის საქალაქო სასამართლომ ალბერტ არაქელოვის საქმე დღესვე განიხილა და დაადგინა, რომ სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, სასამართლომ შეწყვიტა საქმის წარმოება და დაკავებული აქტივისტი გაათავისუფლა. მის ინტერესებს სასამართლოში საია იცავდა“.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)