თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებით, „ჯორჯიან მანგანეზი,” რომელიც წლების განმავლობაში ირიდებდა შეკითხვებს მოპოვების შედეგად მიყენებულ ზიანზე, შუქრუთის მოსახლეობის პროტესტის შედეგად იძულებული გახდა თავად გამხდარიყო მოლაპარაკების მხარე და ამით საკუთარი პასუხისმგებლობა ეღიარებინა.
„სამწუხაროდ, საკანონმდებლო დონეზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების შედეგად დაზარალებული ადგილობრივი მოსახლეობისთვის ზიანის ანაზღაურების წესი და პირობები განსაზღვრული კვლავ არ არის. შესაბამისად, შუქრუთის მოსახლეობას, მიყენებული ზიანის კომპენსირების წესსა და ოდენობაზე უშუალოდ კომპანიასთან, კერძო ხასიათის მოლაპარაკებების გამართვა და სამოქალაქო წესით შეთანხმება მოუხდათ.
ასევე, შეთანხმების შესახებ გავრცელებული ცნობები, ისევე როგორც მოლაპარაკებების პროცესის უთანასწორო და გაუმჭვირვალე ხასიათი, არსებითად პრობლემურია, რადგან კომპენსაციის შეთანხმებული მექანიზმის სამართლიანობა და სანდოობა საეჭვო რჩება, ხოლო პროტესტის მონაწილეთა მიმართ მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დევნის ფაქტები დამატებით კითხვებს აჩენს შეთანხმების საგანზე“, ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)