თბილისი. ქალთა მოძრაობის ინფორმაციით, 21 ივნისს, საქართველოს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას არსებითად შეცვალა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის პარტიული (პროპორციული) სიების შედგენის წესი.
ცვლილების თანახმად: პოლიტიკური პარტია ვალდებული იქნება 2028 წლამდე ჩასატარებელი ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა არჩევნებისთვის ისე შეადგინოს პარტიული სია, რომ სამი კანდიდატიდან ერთი მაინც იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი.
ორგანიზაციის განმარტებით, ეს ინიციატივა არსებითად აუარესებს საარჩევნო კოდექსის არსებულ ნორმას, რომელიც პოლიტიკურ პარტიას ავალდებულებდა, 2028 წლამდე ჩასატარებელ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საერთო არჩევნებისთვის წარდგენილ სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი ჰყოლოდა.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების ნაწილი მოუწოდებს პარლამენტს, პლენარულ სხდომაზე მხარი არ დაუჭიროს ინიცირებულ ცვლილებას, რაც შეასუსტებს ადგილობრივ დონეზე ქალთა წარმომადგენლობას, შეაფერხებს არსებითი თანასწორობის მიღწევას და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას.
წყარო: ქალთა მოძრაობის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)