თბილისი. „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ მიიჩნევს, რომ ბოლო წლების გამოცდილება, განსაკუთრებით კი მასობრივი მიყურადების სავარაუდო ფაქტების შესახებ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაცია ცხადად აჩვენებს, რომ ფარული მეთვალყურეობა სისტემური გამოწვევაა საქართველოსთვის.
„ტოტალური თვალთვალი, ფარული მიყურადებით მოპოვებული ჩანაწერების პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად გამოყენება, ადამიანებზე ზემოქმედება და მათი შანტაჟი ცხადყოფს მწვავე კრიზისს, დემოკრატიულ უკუსვლას და ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტების უგულებელყოფას ქვეყანაში“, - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავცელებულ ინფორმაციაში, - „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინსტიტუციური მოწყობა, მის ხელში თავმოყრილი ჭარბი და უკონტროლო ძალაუფლება, ზედამხედველობის ეფექტიანი სისტემის არარსებობა შეუთავსებელია ფუნდამენტურ დემოკრატიულ ღირებულებებსა და პრინციპებთან. ფარული მიყურადების მარეგულირებელი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩო ვერ უზრუნველყოფს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის სათანადო დაცვას. ქვეყანაში არ არსებობს ზედამხედველობისა და კონტროლის ეფექტიანი სისტემა და სათანადო პროცედურული გარანტიები, რაც სახელმწიფოს მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილებას უზრუნველყოფდა“.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)