თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საკონსტიტუციო სასამართლოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის დადგენილი მაჟორიტარული ოლქების საზღვრების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, 2015 წლის 28 მაისის N1/3/547 გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად მიიჩნია საარჩევნო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ოლქების საზღვრებს განსაზღვრავდა ისე, რომ ირღვეოდა ამომრჩეველთა საარჩევნო ხმის თანაბარი წონის პრინციპი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკით, „საარჩევნო უფლების განხორციელების უპირველესი მიზანი და საფუძველია მოქალაქეთა ნების ასახვა არჩევნების საბოლოო შედეგებზე“. შესაბამისად, ამ უფლების მნიშვნელოვანი კომპონენტია ამომრჩევლების შესაძლებლობა, გავლენა მოახდინონ არჩევნების შედეგზე. სადავო ნორმებიდან გამომდინარე, ამომრჩევლის ხმის „წონის“ და გავლენის დაკარგვა, ართმევს ამომრჩეველს აქტიური საარჩევნო უფლების ეფექტიანად განხორციელების შესაძლებლობას. ამის საპირისპიროდ, იზრდება იმ ამომრჩევლების მიერ არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა, ვისი ხმის „წონაც“ გაზრდილია. ასეთი საარჩევნო სისტემა ანიჭებს მოქალაქეებს არათანასწორ შესაძლებლობებს და ვერ უზრუნველყოფს კონსტიტუციის შესაბამისი არჩევნების ჩატარებას და ამომრჩევლების ნების ადეკვატურად ასახვას არჩევნების საბოლოო შედეგებზე, რაც, დემოკრატიული მმართველობის პრინციპის საწინააღმდეგოა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საპარლამენტო არჩევნებზე ხმების თანაბრობის უფლებას ეხებოდა, თუმცა, საერთაშორისო გამოცდილება ადასტურებს, რომ იგივე მიდგომა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვისაც რელევანტურია“, - აცხადებენ საიაში.
წყარო: წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)