შიდა
ქართლი. 15 მაისს, გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, გაიმართა
საინფორმაციო შეხვედრა შიდა ქართლში ახლადდანიშნულ გუბერნატორ ზურაბ ჩხეიძეს, არასამთავრობო
ორგანიზაციებსა და მედიის წარმომადგენლებს შორის.
შეხვედრაზე განიხილეს მხარის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების
სტრატეგიული გეგმის შემუშავების საკითხები, გამყოფი ზოლის გასწვრივ განლაგებული სოფლების
პრობლემები, სოფლების ბუნებრივი აირით მომარაგების საკითხები.
მხარის გუბერნატორმა გამოთქვა სურვილი მოსახლეობის წარმომადგენელთა
მეტი ჩართულობის შესახებ სტრატეგიული გეგმის შემუშავების პროცესში და აღნიშნა, რომ
ასეთი გეგმის არსებობა ხელს შეუწყობს მხარის განვითარებას ხელისუფლებაში ნებისმიერი
პოლიტიკური ძალის არსებობის შემთხვევაში.
რაც შეეხება გამყოფ ზოლთან განლაგებულ სოფლებს, გამოითქვა
საერთო აზრი, რომ არსებული პრობლემების კომპლექსური მოგვარებისთვის კარგი იქნებოდა
ამ ზონას მინიჭებოდა რაღაც განსხვავებული სტატუსი.