კახეთი. 17 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფმა კახეთში, სიღნაღის რაიონში მდებარე წნორის ხანდაზმულთა სახლის ა(ა)იპ „ხანდაზმულთა სავანე ბეთელის“ მონიტორინგი განახორციელა.
მონიტორინგმა აჩვენა, რომ დაწესებულებაში არსებული მდგომარეობა შემაშფოთებელია და ხანდაზმულები ღირსების შემლახველ პირობებში იმყოფებიან.
- ბენეფიციარები მძიმე ანტისანიტარულ პირობებში არიან. მთელ შენობაში გაუსაძლისი, მძაფრი სუნი დგას. ყურადღება არ ექცევა ბენეფიციარების ჰიგიენას. უმეტესობას ძველი, დახეული და ჭუჭყიანი ტანსაცმელი აცვია. ბენეფიციარებთან გასაუბრებისას გაირკვა, რომ მათ არ აქვთ ბანაობის შესაძლებლობა. ერთ-ერთი ხანდაზმულის განცხადებით, მიმდინარე წელს მას საერთოდ არ უბანავია.
- ხანდაზმულთა სახლს არ აქვს ადეკვატური ინფრასტრუქტურა.
- დაწესებულება უგულებელყოფს ხანდაზმულთა ჯანმრთელობის დაცვას.
- დაწესებულებას არ აქვს წინასწარ, სპეციალისტის მიერ შედგენილი, ხანდაზმულთა საჭიროებებზე მორგებული კვების მენიუ.
- ხანდაზმულთა სახლის პერსონალს არ აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია.
- უნდა აღინიშნოს, რომ დაწესებულებაში მომუშავე პერსონალის ანაზღაურება ყველაზე დაბალია, სახალხო დამცველის აპარატის მიერ შემოწმებულ და შესწავლილ სხვა ხანდაზმულთა სახლებთან შედარებით.
- შემაშფოთებელია, დაწესებულების ადმინისტრაციის სტიგმით განპირობებული სტერეოტიპული დამოკიდებულება ზოგიერთი ხანდაზმულის მიმართ. სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელთა მიერ, ზემოთაღნიშნულ დარღვევებთან დაკავშირებით გამოთქმულ შენიშვნაზე ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განაცხადა - ხანდაზმულს იმისათვის, რომ ღირსება შეელახოს, უნდა ჰქონდესო.
- იკვეთება ხანდაზმულთა დიფერენცირება, მათი როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური ჯანმრთელობის მიხედვით. აღნიშნული აღვივებს ბენეფიციართა შორის დაპირისპირებასაც.
- შესამჩნევია, ადმინისტრაციის მიმართ შიში და უნდობლობა.
საქართველოს სახალხო დამცველმა მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა სააგენტოს, მყისიერად მოახდინოს რეაგირება ზემოაღნიშნულ დარღვევებზე და დაუყოვნებლივ უზრუნველყოს დაწესებულებაში მყოფი ხანდაზმულების გადაყვანა სხვა დაწესებულებებში, სადაც მათ ღირსეული პირობები ექნებათ.
სრულად...
წყარო: ombudsman.ge
ფოტო: პროგრესნიუსი