თბილისი. სამი არასამთავრობო ორგანიზაცია - სოციალური სამართლიანობის ცენტრი, საია და მწვანე ალტერნატივა აქვეყნებს შეფასებას, სახელმწიფო კომისიის მიერ ითხვისის შესახებ მომზადებულ დასკვნაზე.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიმდინარე წლის მარტში ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში, სახლების ჩაქცევის შემდეგ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია, რომელსაც ამ პროცესების გამომწვევი მიზეზების შესწავლა და „სტიქიის“ არეალში მოქცეული მოსახლეობის იდენტიფიცირება დაევალა. კომისიის დასკვნა, რომელიც 10 ოქტომბრითაა დათარიღებული, მოსახლეობის ნაწილისთვის ხელმისაწვდომი ოქტომბრის შუა რიცხვებში გახდა.
ორგანიზაციების შეფასებით, დასკვნა ითხვისელების ღირსეული განსახლების გარანტიებს ვერ ქმნის შემდეგი მიზეზების გამო:
• კომისიას არ შეუფასებია, რა ბედი უნდა ეწიოს სოფელს/უბანს - უნდა მოხდეს მთლიანი თემის განსახლება და განხორციელდეს წიაღის მოპოვება, თუ არსებობს მოლოდინი, რომ დანარჩენი მცხოვრებლებისთვის სოფელში დარჩენა უსაფრთხოა;
• ბუნდოვანია რა სტანდარტებით, წესებით და რა ვადებში მოხდება დაზარალებულების განსახლება. ამ ეტაპზე მხოლოდ სახლების საბაზრო ღირებულება ფასდება, რაც, სავარაუდოდ, საკმარისი ვერ იქნება ახალი საცხოვრებელი სახლების ასაგებად;
• დასკვნის მიხედვით, შეისწავლეს მხოლოდ 106 ოჯახის მდგომარეობა, თუმცა კომისია არ მსჯელობს იმაზე, თუ რატომ არ შეფასდა დამატებით ის საცხოვრისებიც, რომლებიც ასევე ექცევა მიწის ჩაქცევის არეალში და სავარაუდოდ, არც ეს სახლებია ბოლომდე უსაფრთხო;
• კომისია გამოყოფს მნიშვნელოვანი და ნაკლები დაზიანების მქონე ნაგებობებს და ამბობს, რომ პირველ რიგში უნდა მოხდეს მნიშვნელოვნად დაზიანებულ სახლში მცხოვრები მოსახლეობის განსახლება. თუმცა გაურკვეველია, კონკრეტულად რა კრიტერიუმებით მიაკუთვნა კომისიამ სახლები ნაკლებად დაზიანებულ, ან მნიშვნელოვნად დაზიანებულ კატეგორიებს.
წყარო: www.gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)