თბილისი. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის აქვეყნებს დოკუმენტს: სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე ქალებში და გოგონებში.
„შშმ პირთა უფლებებზე და სერვისებში მომუშავე ორგანიზაციებმა ბოლო რამდენიმე წელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სექსუალურ განათლებაზე და სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებებზე დაიწყეს საუბარი. ამის მიუხედავად, ისეთი ჯგუფის წევრებს, როგორიცაა ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, საკმაოდ ბევრი ბარიერი ეღობებათ წინ. ხშირად, საქართველოში ადამიანს, რომელსაც ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობა აქვს, ქცევის ფუნქციის შესწავლის გარეშე უნიშნავენ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს პუბერტატის ასაკში და არ ითვალისწინებენ მის სექსუალურ მოთხოვნილებებს და სურვილებს. ამის მიზეზი ინფორმაციის ნაკლებობა და არაკვალიფიციური კადრებია. არ ჩნდება შეკითხვა, ხომ არ შეიძლება ქცევა იყოს ასაკიდან გამომდინარე ჰორმონალური ცვლილებებით გამოწვეული, რომლის მართვაც მას უჭირს. ხშირად ამაზე არც კი ლაპარაკობენ და ექიმთან ან/და ფსიქოლოგთან მიმართვის ძირითადი მიზეზი უკვე არსებული ქცევაა (მაგალითად: საკუთარი თავის ან სხვისი დაზიანება, ნივთების დაზიანება ან სხვ). ძირითადად, ნევროლოგებს მიმართავენ, რადგან ქვეყანაში არ გვყავს სექსოლოგი, რომელსაც იშშმ პირებთან მუშაობის გამოცდილება აქვს. მნიშვნელოვანია, მოზარდობის ასაკამდე ოჯახებს ჰქონდეთ ინფორმაცია, თუ როგორ უნდა ესაუბრონ სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით იშშმ გოგონას, ასევე იცოდნენ, თუ ვის უნდა მიმართონ საჭირო დროს“.
წყარო: phr.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)