გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გამო და მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღება საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას და მათ არსებით წვლილს საქართველოს დემოკრატიის მშენებლობაში.
"საქართველოში, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები არსებით მხარდაჭერას უწევენ საზოგადოების ყველაზე მოწყვლად და დაუცველ ჯგუფებს და მათ უფლებებს იცავენ. სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის სტიგმატიზაციამ შესაძლოა, დაუცველი და მოწყვლადი ჯგუფები სათანადო დახმარების გარეშე დატოვოს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, დევნილები, უმცირესობათა წარმომადგენლები, ხანდაზმულები, ქალები, ახალგაზრდები, ბავშვები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლები და სხვა ადამიანები, რომელთაც ეფექტიანი მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება", ნათქვამია განცხადებაში.
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს მოიძიოს სამართლებრივი მოსაზრებები აღნიშნულ კანონპროექტზე კომპეტენტური რეგიონული და საერთაშორისო ორგანოებისგან, გაითვალისწინოს უკვე არსებული მოსაზრებები მსგავსი კანონმდებლობის შესახებ და ჩაატაროს ფართო, ინკლუზიური და შინაარსიანი კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან.
"მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში, ქვეყნის სტრატეგია რომელსაც ჩვენ საქართველოს მთავრობასთან ერთად მოვაწერეთ ხელი. ოცდაათ წელზე მეტია, გაერო საქართველოს სანდო პარტნიორი და მოკავშირეა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს განვითარებას ქვეყნის ეროვნული პრიორიტეტების შესაბამისად და დახმარებას უწევს ქართველ ხალხს ჩვენს ადგილობრივ პარტნიორებთან, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიასთან ერთად", ნათქვამია განცხადებაში.
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი, "რათა თავიდან აიცილოს ისეთი ზომები, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის ქართულ დემოკრატიას და შეაფერხებს ან შეანელებს საქართველოს განვითარების მხარდაჭერას".
წყარო: www.undp.org
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)