თბილისი. „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, „გაიწვიოს“ პირველი მოსმენით უკვე მიღებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელმაც მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია.
ქალთა საინფორმაციო ცენტრი საზოგადოებას განუმარტავს,
„რომ პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საკანონმდებლო ინიციატივა, მოტივირებული გადაწყვეტილებით, შეიძლება ცნობილ იქნეს მიღებულად ან უარყოფილად.
რეგლამენტის 158-ე მუხლის თანახმად, უარყოფილად საკანონმდებლო ინიციატივა ჩაითვლება, თუ კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩავარდება. რეგლამენტის მე-16 და მე-17 პუნქტების თანახმად, კანონპროექტი, რომელიც მეორე მოსმენით კენჭისყრისას ვერ დააგროვებს ხმათა საჭირო რაოდენობას, ჩავარდნილად ითვლება. ასეთ შემთხვევაში ფორმდება დადგენილება კანონპროექტის მეორე მოსმენით მიუღებლობის შესახებ.
ამასთან, უარყოფილად ჩაითვლება თუ პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენისას ჩავარდნილი კანონპროექტი სასესიო პერიოდში ერთი თვის განმავლობაში ინიციატორის მოთხოვნით ისევ არ დადგება კენჭისყრაზე.
ასევე უარყოფილად ჩაითვლება კანონპროექტი, რომელიც ერთი სესიის განმავლობაში მეორე მოსმენით კენჭისყრების შედეგად 3-ჯერ ვერ დააგროვებს ხმათა საჭირო რაოდენობას.
რაც შეეხება კანონპროექტის მეორე ვარიანტს, ყველა ინიციატორმა უნდა მოაწეროს ხელი პროექტის გაწვევას. შესაბამისად, უმრავლესობამ უნდა ჩააგდოს კანონი და „ხალხის ძალამ“ საკუთარი ხელმოწერებით უარი უნდა თქვას მასზე“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)