საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო ცვლილებები „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში, რომელიც ამოქმედდება 2024 წლის 1 იანვრიდან. ცვლილებების მიხედვით, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი აღარ იქნება ვალდებული სარეგისტრაციო მონაცემები შესაბამისობაში მოიყვანოს „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის მოთხოვნებთან. შესაბამისად, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სარეგისტრაციო მონაცემების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა იქნება ნებაყოფლობითი ხასიათის და ამის განუხორციელებლობა არ გამოიწვევს მისი რეგისტრაციის გაუქმებას.
ამასთან, თუ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს სურს „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ (2022 წლის 1 იანვრიდან) რეგისტრირებული სუბიექტებისთვის გათვალისწინებული შესაძლებლობებით სარგებლობა (მაგ: ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის - ელექტრონული მისამართის ქონა და სარგებლობა), მაშინ მას მაინც მოუწევს სარეგისტრაციო მონაცემების შესაბამისობის უზრუნველყოფა, თუმცა ამის განხორციელება მას ნებისმიერ დროს შეუძლია.
რაც შეეხება სხვა სუბიექტებს (გარდა ინდივიდუალური მეწარმეებისა), მათთვის ამ ვალდებულების შესრულება ძალაში რჩება და ვალდებულების შესრულების ვადამ გადაიწია 2025 წლის 1 აპრილამდე. ამასთან, თუ სუბიექტი მითითებულ ვადაში შესაბამისობაში არ მოიყვანს სარეგისტრაციო მონაცემებს, მას შეუჩერდება რეგისტრაცია და მიეცემა დამატებითი ერთწლიანი ვადა შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის. თუ ამ დამატებით ვადაშიც არ მოხდება შესაბამისობის უზრუნველყოფა, სუბიექტის რეგისტრაცია გაუქმდება.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)