en
ge

„რუსული კანონის“ საბოლოო მიღება წარმოადგენს საფრთხეს სამოქალაქო საზოგადოების საარსებო სივრცისთვის

„რუსული კანონის“ საბოლოო მიღება წარმოადგენს საფრთხეს სამოქალაქო საზოგადოების საარსებო სივრცისთვის

14 მაისს, მასობრივი პროტესტის ფონზე, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა „რუსული კანონის“ სახელიც ცნობილ კანონს, რაც ქვეყანაში სპობს სამოქალაქო საზოგადოების სასიცოცხლო სივრცეს და ქვეყანაში ზრდის პოლიტიკურ პოლარიზაციას.

კანონპროექტის სასარგებლოდ ხმა 84-მა დეპუტატმა მისცა, ხოლო წინააღმდეგი საპარლამენტო ოპოზიციის 30 წევრი აღმოჩნდა.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ კანონპროექტის მიღებას ქვეყანაში წინ უძღოდა მასობრივი საპროტესტო აქციები, ხოლო საქართველოს უცხოელი პარტნიორებიდან მხრიდან მოწოდებები, რომ მმართველ გუნდს არ მიეღო მსგავსი გადაწყვეტილება, რადგან ეს, მათ შორის, ეწინააღმდეგებოდა ქართველი ხალხის არჩევანსა და წარმოადგენდა დაბრკოლებას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. 13 მაისს, საქართველოში ვიზიტით მყოფმა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა ქვეყნის ევროინტეგრაციაზე საუბრისას განაცხადა, რომ იგი „ვერ ხედავდა საქართველოს ნათელი მომავლის შანსს, თუ ხელისუფლება ამ კანონს უკან არ გაიწვევდა“. მანამდე, 12 მაისს კანონ-პროექტის გაწვევა ერთობლივი განცხადებით კიდევ ერთხელ მოითხოვა 120-ზე მეტმა ქართულმა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციამაც.

საგულისხმოა, რომ კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღებიდან დღემდე პერიოდი ხასიათდება საპროტესტო აქციების მონაწილეთა დაკავებებით, ფიზიკური ანგარიშსწორების, სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მუქარის განმეორებადი ფაქტებით. აღსანიშნავია პოლიტიკური ნიშნით თავდასხმები კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილე პირთა წინააღმდეგ და მოქალაქეებთან საქართველოსა და უცხოეთის ქვეყნებში რეგისტრირებული სატელეფონო ნომრებით განხორციელებული მუქარის შემცველი და შეურაცხმყოფელი ანონიმური ზარები. ასევე, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის ოფისებთან თუ ცალკეული პირების საცხოვრებელ სახლებთან სიძულვილის ენის შემცველი წარწერებისა და პლაკატების დატოვება.

ამჟამად, პროცედურის თანახმად, საქართველოს პარლამენტს აქვს მაქსიმუმ 10-დღიანი ვადა, რათა მიღებული კანონი ხელმოსაწერად საქართველოს პრეზიდენტს გადაუგზავნოს, ხოლო თავის მხრივ, მისი გადაცემიდან პრეზიდენტს აქვს 2-კვირიანი ვადა, რათა ხელი მოაწეროს მას, ან გამოიყენოს ე.წ. ვეტოს უფლება, რაც გულისხმობს კანონის მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტისთვის უკანვე დაბრუნებას. მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებული კანონი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება და მიიღება ერთი მოსმენით.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ კანონის მიღებამდე რამდენიმე დღით ადრე, 10 მაისს განაცხადა, რომ მან უცხოელ პარტნიორებს აცნობა, რომ „ვეტოს პროცედურების ფარგლებში შესაძლებელი იყო პოზიციების შეჯერება.“ მოგვიანებით, 12 მაისს გაკეთებულ განცხადებაში მან დააკონკრეტა, რომ კომუნიკაცია ამ საკითხზე ევროკავშირისა და ეუთოს წარმომადგენლებთან ჰქონდა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტს წარსულშიც „ენჯეოები ან გარედან უწერდნენ ხოლმე ვეტოებს“. საპასუხოდ 12 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ იგი „წარმოადგენს ვეტოს, მაგრამ არცერთ მანიპულაციაში არ შევა, რადგან ამას მხოლოდ ხალხში გაუგებრობის შემოტანის მიზანი ექნება“ მისივე განცხადებით, თუ მმართველ გუნდს სურდა კანონის შეცვლა, ეს თავადვე უნდა გაეკეთებინა.

კანონის საბოლოო დამტკიცება და თანმხლები პროცესები საფრთხის შემცველია და გამოიწვევს სამოქალაქო სივრცისა თუ ამ სივრცის ცალკეული წევრების მუშაობის შეფერხებას, გაზრდის პოლიტიკურ პოლარიზაციას, კიდევ უფრო გააძლიერებს მტრულ რიტორიკასა და დისკრედიტაციის კამპანიებს, გააქრობს სივრცეს სახელმწიფოსა და სამოქალაქო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობისთვის და გაართულებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხრიდან ადვოკატირებისა და სერვისის მიწოდების შესაძლებლობას, ასევე, შესაძლოა, გამოიწვიოს ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეფერხებაც.



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)