რუსული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს პარლამენტმა 2024 წლის 17 აპრილს პირველი მოსმენით უკვე მიიღო. შესაბამისად, საინტერესოა მისი შემდგომი განხილვა-მიღება ან უარყოფა რა პროცედურებთან არის დაკავშირებული.
მეორე მოსმენა:
კანონპროექტი პირველი მოსმენით მიღების შემდეგ გადაეცა წამყვან კომიტეტს - იურიდიულ საკითხთა კომიტეტს. კომიტეტს გადაცემიდან აქვს 3 კვირიანი ვადა მეორე მოსმენისთვის მის მოსამზადებლად. ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით. კომიტეტის სხდომების გამართვის პერიოდულობას განსაზღვრავს კომიტეტი, მაგრამ სასესიო პერიოდში თვეში უნდა გაიმართოს არანაკლებ 2 სხდომისა. კომიტეტის სხდომა მოიწვევა წინასწარ განსაზღვრულ დროს. კომიტეტის თავმჯდომარე კომიტეტის სხდომას იწვევს თავისი ინიციატივით, კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მოთხოვნით ან პარლამენტის ბიუროს დავალებით.
კანონპროექტის მეორე მოსმენისთვის მომზადებასთან დაკავშირებით წამყვანი კომიტეტის სხდომის გამართვის შემდეგ, კანონპროექტი ეგზავნება პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს პარლამენტის ბიუროს უახლოესი სხდომის დღის წესრიგში შესატანად. თავის მხრივ, ბიუროს კანონპროექტი შეაქვს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში. პარლამენტის ბიუროს სხდომები სასესიო პერიოდში იმართება, როგორც წესი, ყოველ ორშაბათს, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარე უფლებამოსილია მოიწვიოს პარლამენტის ბიუროს სხდომა თავისი ინიციატივით ან კომიტეტის ან ფრაქციის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე და მისი მიღების შემთხვევაში იგი გადაეცემა წამყვან კომიტეტს, მესამე მოსმენით განხილვისთვის მოსამზადებლად. პარლამენტის მორიგი სესია იგეგმება ორკვირიანი ციკლით. პირველი კვირა, ეთმობა პლენარულ სხდომებს, ხოლო მეორე კვირა − კომიტეტების მუშაობას და ამომრჩევლებთან შეხვედრებს. პარლამენტის მორიგი პლენარული სხდომები, იმართება, როგორც წესი, პლენარული სხდომების კვირის სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს, 12 საათიდან 19 საათამდე. თუმცა შესაძლებელია ცვლილების შეტანა პარლამენტის სამუშაო განრიგში.
მესამე მოსმენა:
პარლამენტის მიერ კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღების შემდეგ, წამყვანი კომიტეტი 10 დღის ვადაში განიხილავს მას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისათვის მოსამზადებლად.
კანონპროექტის მესამე მოსმენისთვის მომზადებასთან დაკავშირებით კომიტეტის სხდომის გამართვის შემდეგ, კანონპროექტი ეგზავნება პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს პარლამენტის ბიუროს უახლოესი სხდომის დღის წესრიგში შესატანად. თავის მხრივ, ბიუროს კანონპროექტი შეაქვს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში.
კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხილება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე და მისი მიღების შემთხვევაში იგი 10 დღის ვადაში, გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს.
პრეზიდენტის ვეტო, კანონის ხელმოწერა და გამოქვეყნება:
საქართველოს პრეზიდენტი 2 კვირის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს ან მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს პარლამენტს (ვეტოს ადებს კანონს). საქართველოს პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებული კანონი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება და მიიღება ერთი მოსმენით.
პირველ რიგში კენჭი ეყრება პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებულ კანონს. თუ პარლამენტი მიიღებს საქართველოს პრეზიდენტის შენიშვნებს, კანონი 5 დღის ვადაში გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც მის საბოლოო რედაქციას ხელს აწერს და აქვეყნებს 5 დღის ვადაში.
თუ პარლამენტი არ მიიღებს საქართველოს პრეზიდენტის შენიშვნებს, კენჭი ეყრება კანონის პირვანდელ რედაქციას და პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით მისი მიღების შემდეგ იგი 3 დღის ვადაში გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს მას. თუ საქართველოს პრეზიდენტმა ამ ვადაში არ გამოაქვეყნა კანონი, მას ხელს აწერს და 5 დღეში აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.
კანონპროექტის ჩაგდება და უარყოფა:
კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო, შესაბამისად კანონპროექტის ინიციატორების მიერ მისი გამოთხოვა ვერ მოხდება. ამასთან, თუ კანონპროექტის ინიციატორი ორი თანამიმდევრული მორიგი სესიის განმავლობაში კომიტეტში კანონპროექტის მეორე ან მესამე მოსმენით განხილვისთვის პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში მოწვეულ კომიტეტის სხდომაზე არ გამოიტანს კანონპროექტს, მისი განხილვა წყდება წამყვანი კომიტეტის მიმართვის საფუძველზე, აღნიშნული ფაქტის პარლამენტის ბიუროს მიერ ცნობად მიღების მომენტიდან.
პარლამენტის მიერ კანონპროექტზე უარის თქმის მექანიზმი გულისხმობს - საქართველოს პარლამენტის მიერ, მეორე ან მესამე მოსმენით განხილვისას მის ჩაგდებას და საბოლოო ჯამში მის უარყოფას. ამისათვის, პლენარულ სხდომაზე გასულმა კანონპროექტმა ვერ უნდა დააგროვოს მისი მიღებისათვის საჭირო ხმათა რაოდენობა (პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედი). ამასთან, პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის ჩაგდების მიუხედავად, 1 თვის ვადაში მისი ინიციატორების მოთხოვნით კანონპროექტი კიდევ ერთხელ შეიძლება დადგეს კენჭისყრაზე. ამიტომ, კანონპროექტი საქართველოს პარლამენტის მიერ საბოლოოდ უარყოფილად ჩაითვლება ამ ვადის გასვლის შემდეგ, ან თუ განმეორებით ვერ დააგროვებს ხმათა საჭირო რაოდენობას.