თბილისი. „საქართველო და მისი მომავალი ევროპაში" იყო საჯარო დისკუსიის მთავარი თემა, რომელიც ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში გაიმართა. შეხვედრაზე საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის სხვადასხვა ასპექტებზე იმსჯელეს.
დისკუსია ევროკომისიის ყოფილმა ვიცე–პრეზიდენტმა და კარლ ფრიდრიჰ გიორდელერის სახელობის ეფექტური მმართველობის კოლეჯის დირექტორმა გიუნტერ ვერჰოიგენმა გახსნა, რომელმაც ევროპის ერთიანობის ძირითად იდეასა და საქართველოს ევროკავშირში ჩართულობის პერსპექტივაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრობა არ უნდა წარმოადგენდეს პრივილეგიას, არამედ უფლებას ყველა იმ სუბიექტისთვის, რომელიც თავს ევროპის ნაწილად მიიჩნევს.
„ევროპის ერთიანობის ძირითადი იდეა არ მდგომარეობს იმაში, რომ იგი ერთიანდება საქართველოს, თუნდაც რუსეთის გამოკლებით, ევროპის ერთანობის ძირითადი იდეა არის ის, რომ ნებისმიერ სახელმწიფოს აქვს უფლება, ჩაერთოს ამ პარტნიორობაში. ეს იდეა გამყარებულია სხვადასხვა ხელშეკრულებებითაც. მაგალითად, თავისუფალი ვაჭრობის შეახებ ხელშეკრულება და ა.შ."
ბატონმა ვერჰოიგენმა ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად ევროპის ნაკლები მზაობისა, მიიღოს საქართველო მათ რიგებში, საქართველომ აუცილებლად ბოლომდე უნდა გაიროს ის გზა, რომელსაც იგი ევროპისკენ დაადგა. თავს მხრივ, საქართველოს მთავრობის ოფიაცილური საგარეო კურსი კიდევ ერთხელ დადასტურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თორნიკე გორდაძემ. მან ისაუბრა საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის პროცესის მიღწევებსა და პერსპექტივებზე:
„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ წლის ბოლომდე ასოცირებაზე შეთანხმების უდიდესი ნაწილი საბოლოოდ გაირკვევა, (75–80 პროცენტი უკვე შეთანხმებულია, ამ წლის ბოლოს ალბათ 90 პროცენტს გადავაჭარბებთ). რაც შეეხება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ შეთანხმებას, ისიც ალბათ საკმაოდ სწრაფად წარიმართება იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ორწელიწადნახევარი ვემზადებოდით ამ მოლაპარაკებების დაწყებამდე. თვითონ ევროკავშირის თქმით, ეს მოლაპარაკებები არ უნდა გაგრძელდეს ძალიან დიდ ხანს, ალბათ მაქსიმუმი ორი წელი. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნვას იმას, რომ შორეულ ან საშუალო ვადიან პერსპექტივაში წევრობის საკითხი არის გადაწყვეტილი.."
თუმცა, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე, ქეთევან ციხელაშვილი ფიქრობს, რომ ევროკავშირის წევრობა ის შემთხვევაა, როდესაც პროცესი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შედეგი. ქეთევან ციხელაშვილი შეხვედრაზე სამოქალაქო საზოგადოების როლზე საუბრობდა ევროპასთან ინტეგრაციის კონტექსტში. მისი თქმით, საზოგადოების დიდი ნაწილი ევროპასთან დაახლოებას პოზიტიურად უყურებს და ეს იდეა ფართოდ მხარდაჭერილია. თუმცა იქვე აღნიშნა, რომ პლატფორმა ეხმიანება არა მარტო საზოგადოებრივ აზრს, არამედ საზოგადოების ინტერესსაც. „აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა ნაწილმა ბევრი რამ არ იცის ევროპის კავშირთან ინტეგრაციის პროცესზე. მოთხოვნა და დაკვეთა, რომ მათ მიიღონ მეტი ინფორმაცია და გაზარდონ მათი ჩართულობა, ნამდვილად არსებობს".
ქეთევან ციხელაშვილმა ისაუბრა გარკვეულ გამოწვევებზეც, რაც ევროკავშირთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის პარალელურად არსებობს. მაგალითად ის, რომ რამდენიმე ქვეყნის საკონსულო არ არის საქართველოში და შესაბამისად გართულებულია ვიზის მიღების პროცედურა, ინფრასტრუქტურული პრობლემები საკონსულოებში, ასევე ვიზაზე უარის თქმის მაღალი მაჩვენებელი. ეროვნული პლატფორმის ხელმძღვანელის თქმით, 2009 წლის მონაცემებით ვიზაზე უარი უთხრეს აპლიკანტთა 17,2 %–ს, 2010 წელს კი – 14,6%–ს : „საქართველო ამ მაჩვენებლით ლიდერია აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონსა და პლუს რუსეთში. ეს მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ სამოქალაქო საზოგადოებას შეუძლია ასეთი ტიპის საკითხებითა და კვლევებით დაკავდეს და მერე რეკომენდაციები და წინადადებები გაუზიაროს გადაწყვეტილების მიმღებ მხარეებს".
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ევროპის გეოგრაფიულ საზღვრებზეც, საგარეოს საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი აღნიშნავდა, რომ ის საკითხი, არის თუ არა კავკასია ევროპის ნაწილი, არის პოლიტიკის, კულტურის და იდენტურობის გადასაწყვეტი. გეოგრაფიული საზღვრები კი ადამიანების დადგენილია და კონვენციებზე დაყრდნობილი. „ბოსფორი არ ყოფს, ბოსფორი აერთიანებს" – უპასუხა ბატონმა ვერჰოიგენმა დარბაზიდან წამოსულ რეპლიკას გეოგრაფიულ საზღვრებთან დაკავშირებით.