თბილისი. 24 და 27 ივლისს საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველოს ორგანიზებით, პროექტის „საქართველოში განახლებადი ენერგიების ეფექტურად გამოყენებასა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვაზე ხელშეწყობა" ფარგლებში, გაიმართა სამუშაო შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნეს-სექტორების წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე წარმოდგენილი იყო პროექტის განმახორციელებელი ჯგუფისა და თემატური ჯგუფების მიერ შემუშავებული პრეზენტაციები და რეკომენდაციები. გამოითქვა წინადადებები პროექტის ფარგლებში შემუშავებული დოკუმენტების შემდგომი სრულყოფისათვის.
პროექტის ფარგლებში შექმნილია თემატური სამუშაო ჯგუფები, რომლებმაც შეიმუშავა პრეზენტაციები და რეკომენდაციები შემდეგი მიმართულებებით: საქართველოში მზის, ბიომასის, გეოთერმული და ქარის ენერგიის პოტენციალის შეფასება და რეალური გამოყენების პერსპექტივები; საქართველოში ენერგოეფექტურობის აუცილებლობა, მისი ათვისების პოტენციალი და მოსალოდნელი ეფექტი; საქართველოში მზის, ქარის და გეოთერმული წყლების ენერგიების ეფექტურად გამოყენებასა და ენერგოეფეტურობასთან დაკავშირებით არსებული საკანონმდებლო ბაზის ანალიზი და სრულყოფის რეკომენდაციები; საქართველოს ინოვაციური ინტელექტუალური პროდუქტის პრაქტიკული გამოყენების მდგომარეობა და პერსპექტივები.
პროექტი „საქართველოში განახლებადი ენერგიების ეფექტურად გამოყენებასა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვაზე ხელშეწყობა" ხორციელდება საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველოს მიერ, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით.
წყარო: cenn