სამეგრელო. აშშ–სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 20 წლისთავის აღსანიშნავად აშშ–ის საელჩოს ორგანიზებით ალპინისთა ჯგუფი თეთნულდის დალაშქვრას გეგმავს. სვანეთში გამგზავრებამდე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ბრიჯიტ ბრინკი 1 აგვისტოს, ზუგდიდში, ასოციაცია „ათინათს" ესტუმრა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მისი თქმით, „აშშ მხარს უჭერს არა რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს, არამედ ქართველ ხალხს, რომელსაც სურს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარება და ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანება". – განაცხადა აშშ–ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.
ბრიჯიტ ბრინკის თქმით, მას სურს ხაზასმით აღნიშნოს, რომ აუცილებელია პოლიტიკურ პროცესებში პარტიებისთვის თანაბარ პირობებში ყოფნა, „Must Carry"-ს პრინციპისა და მისი განხორციელების მექანიზმების მხარდაჭერა.
ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა თქვა, რომ ის ამაყობს იმ ურთიერთობით, რომელიც ჩამოყალიბდა შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 20 წლის განმავლობაში. „ეს ურთიერთობები და ის სტრატეგიული კურსი, რომელიც აშშ–ს აქვს თავისი პარტნიორი ქვეყნის, საქართველოს მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩის დანიშვნის შემდეგაც არ შეიცვლება" – განაცხადა ბრიჯიტ ბრინკმა.