თბილისი. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED) საქართველოს 69 მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმარველობების საჯარო მოხელეებს ტრენინგებს ჩაუტარებს.
ტრენინგების თემატიკა მოიცავს საარჩევნო საკითხებს, როგორიცაა თვითმმართველობის ორგანოების ვალდებულებები წინასაარჩევნო პერიოდში, მათი ურთიერთობა საარჩევნო ადმინისტრაციასთან, პარტიებთან, საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი აკრძალვები ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების თაობაზე, ამომრჩევლის მოსყიდვის ცნება, და სხვა.
ტრენინგების ფარგლებში მონაწილეებს დაურიგდებათ „სამართლიანი არჩევნების" მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო და სხვა მასალები. ტრენინგები აგვისტოს შუა რიცხვებისთვის დასრულდება. პროექტი ხორციელდება ევროსაბჭოსა და საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. პროექტს ასევე მხარს უჭერს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი სახელმწიფო კომისია და ცენტრალური საარჩევნო კომისია.
წყარო: isfed.ge