თბილისი. „საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციამ", 22 აგვისტოს ბრიფინგი გამართა. ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებით 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ პრეზიდენტობის მსურველთა უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობა ფიქსირდება. „თუმცა, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის პრეტენდენტთა უჩვეულო სიმრავლისა და მათი გარკვეული ნაწილის არასახარბიელო პოლიტიკური რეპუტაციის ფონზე, მოსახლეობაში დღითი-დღე ძლიერდება ნიჰილიზმი დაგეგმილი არჩევნებისადმი. შედეგად, იქმნება სერიოზული საფრთხე იმისა, რომ 27 ოქტომბერს დაფიქსირდეს ამომრჩეველთა დაბალი აქტივობა", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე „საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია" მიიჩნევს, რომ აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილებების განხორცილება –„ერთ-ერთ ეფექტურ ცვლილებად შეიძლება იქცეს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის დადასტურებისთვის საჭირო ბარიერის ზრდა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 0,75 პროცენტიდან 1,5 პროცენტამდე".
აღნიშნულთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინადადებას „საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია" საქართველოს პარლამენტს საშემოდგომო სესიის დაწყებისთანავე წარუდგენს.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში