თბილისი. „საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია" ეხმიანება იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ, „უცხოელი ინვესტორის მხრიდან მედ-პერსონალის უფლებების დარღვევის უხეშ ფაქტებზე გავრცელებულ ინფორმაციას. ასოციაციის წევრები ვაცნობიერებთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის სამომავლო ეკონომიკური განვითარებისთვის ინვესტიციების ინტენსიური შემოდინება, თუმცა, ამავდროულად, დაუშვებლად მივიჩნევთ ყოველგვარ კომპრომისს მოქმედი კანონმდებლობისა და ეროვნული ინტერესების საზიანოდ", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
ასოციაციის წევრები მოუწოდებენ უცხოელ ინვესტორებს პატივი სცენ და ზედმიწევნით დაიცვან საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობაში რეგლამენტირებული ნორმები.
ამასთან, „საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია" გამოთქვამს მზადყოფნას, საჭიროებისამებრ, გაუწიოს უცხოელ ინვესტორებს უფასო იურიდიული კონსულტაცია ეროვნულ კანონმდებლობასთან დაკავშირებით.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში