თბილისი. კოალიციების „მედიის ადვოკატირებისთვის" და „არჩევანის თავისუფლებისთვის" წევრები 15 ოქტომბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს შეხვდნენ. მათ წარადგინეს კოალიციებში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული ალტერნატიული წინადადება კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ფოტო–ვიდეო გადაღების წარმოების მოსაწერიგებლად.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 24 სექტემბერს საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო დადგენილება, რომელიც განსაზღვრავს არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე ფოტო–ვიდეო გადაღების წარმოების წესს.
კოალიციების წევრების მიერ წარდგენილი წინადადება „ითვალისწინებს დადგენილებაში იმგვარი ცვლილებების შეტანას, რომლებიც საშუალებას მისცემს მედიის წარმომადგენლებს შეუფერხებლად გადაიღონ კენჭისყრის დღის მათთვის საინტერესო მოვლენები და ამავდროულად უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესის შეუფერხებლად წარმართვას", ნათქვამია ვებგვერდზე.
კოალიციების წევრები მოუწოდებენ ცესკოს „გააუქმოს ან ჩვენს მიერ წარდგენილი წინადადებების შესაბამისად შეცვალოს ზემოაღნიშნული დადგენილება".
წყარო: gyla.ge