თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ბლოგი სახელმწოდებით: „საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გადარიცხული თანხების შესახებ ინფორმაცია კვლავ ხელმიუწვდომელი იქნება". ინსტიტუტმა აღსრულების ეროვნულ ბიუროს 2013 წლის განმავლობაში საპროცესო შეთანხმების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხული თანხების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნით 25 სექტემბერს მიმართა.
ინსტიტუტისთვის მიწოდებული დოკუმენტის თანახმად „2013 წლის 9 თვის განმავლობაში (1 იანვარი – 25 სექტემბერი) სისხლის სამართლის საქმეებზე დაკისრებული ჯარიმების, სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის, გირაოსა და საპროცესო შეთანხმების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხული თანხების მთლიანი ოდენობა შეადგენს 54 722 173 ლარს. რაც შეეხება უშუალოდ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გადარიცხულ თანხების ოდენობას, მოწოდებულ დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ სსიპ-აღსრულების ეროვნული ბიურო არ აწარმოებს განცალკევებით ამ მონაცემების აღრიცხვას", აღნიშნულია ორგანიზაციის ბლოგზე.
ინსტიტუტი მოუწოდებს აღსრულების ევრონულ ბიუროს, აღადგინოს აღნიშნული მონაცემების განცალკევებით აღრიცხვა, რათა „საზოგადოების მხრიდან ეს ფაქტი აღქმული არ იქნას როგორც მონაცემების დაფარვის მცდელობა და საბოლოოდ გადაიჭრას საპროცესო შეთანხმებების შედეგად ბიუჯეტში გადარიცხული თანხების გაუმჭვირვალობის პრობლემა", ნათქვამია ბლოგზე.
წყარო: opendatablog.wordpress.com