იმერეთი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის პროექტის ფარგლებში დისკუსია – „მედიაცია და მისი განვითარების პერსპექტივები" – გაიმართა. დისკუსია ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა. შეხვედრას მოსამართლეები, ნოტარიუსები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
როგორც მედიაციის ეროვნული ცენტრის ექსპერტმა, გიორგი ცერცვაძემ აღნიშნა, მედიაცია წარმოადგენს დავის გადაწყვეტას ნეიტრალური მესამე პირის დახმარებით. ორგანიზაცია აღნიშნული პრაქტიკის საქართველოს სინამდვილეში დანერგვას ცდილობს.
„მედიაციის ყველაზე მთავარი დადებითი ფაქტია, რომ მხარეებს შეუძლიათ დავა მოაგვარონ ყოველგვარი იურიდიული პროცესებისა და ზედმეტი დროის ხარჯვის გარეშე."- აღნიშნავს ცერცვაძე.
2013 წლის 1 ოქტომბრიდან მედიაციის ეროვნულმა ცენტრმა რამდენიმე ნოტარიუსს უკვე ჩაუტარა ტრენინგები . დღესდღეობით საქართველოში 18 მედიატორია გადამზადებული.