თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შოტა უტიაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით განმარტება სოციალურ ქსელში გაავრცელა. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია: „საია ეხმაურება 27 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსის შოთა უტიაშვილის მიერ ტელეკომპანია ,,მაესტროს" ეთერში თეონა გეგელიასა და დიანა ტრაპაიძის საავტორო გადაცემაში ,,სუბიექტური აზრი" გაკეთებულ განცხადებას. შოთა უტიაშვილმა ,,ტყუილი" უწოდა საიას იმ განცხადებას, რომლითაც მოლოტოვის კოქტეილის არათუ გამოყენების, არამედ დამზადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია. უტიაშვილმა ასევე განაცხადა: ,,კადრებია, სადაც მოლოტოვის კოქტეილები ჩანს. მოლოტოვის კოქტეილები იქ იყო."
ამასთან დაკავშირებით, საიას სურს, განაცხადოს, რომ 2011 წლის მაისის თვეში ტელეკომპანია ,,იმედისა" და რუსთავი-2-ის ეთერში გავრცელდა კადრები, სადაც ასახულია ბენზინის ავზები. მაშინ ამ ტელევიზიების ეთერით გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ აქციის მონაწილეები აპირებდნენ ამ ბენზინისაგან მოლოტოვის კოქტეილის დამზადებას. საიამ გამოკითხა ამ აქციაზე დამსწრე სხვა ჟურნალისტიც, რომელიც აცხადებს, რომ ბენზინის ავზები აქციაზე მართლაც იყო მიტანილი, თუმცა ბენზინი გამოიყენებოდა არა ,,მოლოტოვის კოქტეილის" დასამზადებლად, არამედ გენერატორის ასამუშავებლად, რაც აუცილებელია საპროტესტო აქციის ჩასატარებლად. სხვა კადრები, რაც მოლოტოვის კოქტეილის დამზადებას ასახავს, ჩვენი ინფორმაციით არ არსებობს".
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში