იმერეთი. 31 აგვისტოს ეროვნული კონკურსის „ალიანტე 2012" ფინალში გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ინტელექტუალური და ფიზიკური ასპარეზობების შემდეგ „ალიანტე 2012" ფინალისტები თბილისის, ბათუმისა და საჩხერის გუნდები გახდნენ. გამარჯვებულები, ჩეხეთის პარტნიორი ორგანიზაციის „ევროატლანტიკური ასოციაციის" (JAGELLO) თანამშრომლობის ფარგლებში, სექტემბრის შუა რიცხვებში ჩეხეთში გაემგზავრებიან. მათ საგზურები, სამოგზაურო დაზღვევები, სერტიფიკატები და სხვა პრიზები გადაეცათ. დახურვის ცერემონიალს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ნატოს სამეკავშირეო ოფისის და სადაზღვევო კომპანია „ირაოს" წარმომადგენლები დაესწრნენ.
ეროვნულ კონკურსი „ალიანტე" საერთაშორისო კონკურს „ალიანტეს" ანალოგია, რომელსაც „ახალი თაობა – ახალი ინიციატივა" 2008 წლიდან ახორციელებს. პროექტის მიზანია ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება უსაფრთხოების, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისა და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხების შესახებ. პროექტი ითვალისწინებს მულტინაციონალურ ჯგუფებში ფიზიკურ და ინტელექტუალურ ასპარეზობებს. ეროვნულ კონკურს „ალიანტე 2012" ფინალში მონაწილეობა 25 გუნდმა მიიღო.