თბილისი. საია, საერთაშორისო გამჭვირვალობა, სამართლიანი არჩევნები და ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო" ადგილობრივი თვითმმართველობის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პეტიციას ავრცელებენ.
„...მიგვაჩნია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს არსებული საარჩევნო სისტემის შეცვლა. მოქმედი საარჩევნო სისტემა დიდი ხანია წარმოადგენს კრიტიკის საგანს როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე პოლიტიკური პარტიების მხრიდან. გარდა ადგილობრივი ორგანიზაციებისა, ვენეციის კომისიისა და ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის რეკომენდაციაა საარჩევნო სისტემების გადახედვა საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის, რათა დაცულ იქნეს ხმის წონის თანაბრობის პრინციპი.
თუმცა, დღემდე პოლიტიკური გადაწყვეტილება სისტემის შეცვლის შესახებ არ არის მიღებული, რაც დარჩენილ მცირე დროში ხელს უშლის მნიშვნელოვანი ცვლილების განხორციელებას საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების კუთხით.... შესაბამისად ხელისუფლებას ვთავაზობთ:
1. მერისა და გამგებლის არჩევნებში გამარჯვებულად ჩაითვალოს ის კანდიდატი, რომელიც დააგროვებს 50% + 1 ხმას. ამავდროულად, პრინციპულია, რომ ყველა მერი და გამგებელი ერთნაირი წესით იქნეს არჩეული. 2. გაუქმდეს ერთმანდატიანი ოლქების არსებული სისტემა. უმჯობესად მიგვაჩნია, 2014 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის ეს სისტემა შეიცვალოს მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქებით. ..", ნათქვამიაგ პეტიციაში.
პეტიცია ღიაა ხელმოსაწერად ყველა არასამთავრობო ორგანიზაციისა და პოლიტიკური გაერთიანებისათვის.
წყარო: gyla.ge