თბილისი. ინოვაციური განათლების ფონდმა, კონდრად ადენაუერის ფონდთან თანამშრომლობით, „საქართველოს პოლიტიკური ბარომეტრის" პროექტის ფარგლებში შექმნა ვებგვერდი – politbarometri.ge.
მისი მიზანია ხელი შეუწყოს ამომრჩევლის პოზიციის განსაზღვრას საპარლამენტო არჩევნების პერიოდში საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ. პროექტი ასევე ეხმარება მოქალაქეს პოლიტიკური პარტიების იდეოლოგიების და შეხედულებების გათვითცნობიერებაში.
პოლიტბარომეტრის საპილოტე ინტერნეტ კითხვარი მოიცავს 28 დებულებას, რომლებზეც დახურული ტიპის პასუხების სრულად გაცემის შემდეგ (სრულიად არ ვეთანხმები - სრულიად ვეთანხმები სკალაზე) ხდება მათი შედარება პოლიტიკური პარტიების მიერ გაცემულ პასუხებთან, რის შედეგადაც ანგარიშდება მათი პროცენტული თანხვედრა და ხდება პოლიტიკურ ლანდშაფტზე მათი ვიზუალიზაცია.
პროექტი განხორციელდა პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობით და სხვადასხვა სფეროს ექსპერტების მონაწილეობით. პოლიტბარომეტრში გამოყენებულია ევროპარლამენტის 2009 წლის არჩევნების დროს განხორციელებული მსგავსი პროექტის მეთოდოლოგია.