თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სახელმწიფოსა და პატარკაციშვილის ოჯახის წევრებს შორის დადებულ საარბიტრაჟო შეთანხმებაზე განცხადება გაავრცელა. „მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ სხვა პირის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე შეთანხმების დადება, სასამართლოს საქმიანობაში სავარაუდო ჩარევა, სახელმწიფოს მიერ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების საარბიტრაჟო შეთანხმების პირობად განსაზღვრა, ტელეკომპანია ,,იმედთან" დაკავშირებით არსებული შეკითხვები, მორიგების შეთანხმების საიდუმლო დოკუმენტად განსაზღვრა და სხვა საკითხები შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების დამატებითი შესწავლის საგანი უნდა გახდეს. რიგ შემთხვევებში, შესაძლებელია, შესაბამისი თანამდებობის პირების და, მათ შორის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ქმედებებში არსებობდეს დანაშაულის ნიშნები, რის გამოც საჭიროა ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიების წარმოება. საკუთრების უფლების დაცულობა, სასამართლოს დამოუკიდებლობა, მედიის თავისუფლება, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპოლიტიზაცია ის ფუნდამენტებია, რაზეც მომავალ დემოკრატიულ განვითარებაზე ორიენტირებული ქვეყანა უნდა ეფუძნებოდეს, ხოლო როცა ამ ფუნდამენტს საფრთხე ემუქრება სამართლებრივად სწორი, ობიექტური და ეფექტური რეაგირება კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოთა ვალდებულებაა", ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: gyla.ge