თბილისი. ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა" განცხადება გაავრცელა. „მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოში მოქმედ ყველა ბანკს აქვს ვალდებულება, კლიენტის თანხმობის გარეშე, არ გასცეს მის შესახებ კონკრეტულ ბანკში არსებული ინფორმაცია. მიუხედავად აღნიშნულისა, ხშირია შემთხვევები, როდესაც ბანკი კლიენტის თანხმობის გარეშე სხვადასხვა სუბიექტს გადასცემს კლიენტის შესახებ მასთან არსებულ ინფორმაციას, რომელიც ერთის მხრივ წარმოადგენს საბანკო საიდუმლოებას, ხოლო მეორეს მხრივ პერსონალურ ინფორმაციას", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე. „ახალგაზრდა ადვოკატები" უახლოეს პერიოდში, საკითხზე: „ბანკების მიერ საბანკო და პერსონალური მონაცემების კონფიდენციალობის დაცვის ხარისხის" მონიტორინგის განხორციელებას გეგმავს. შემუშავებული რეკომენდაციები გადაეგზავნება საქართველოს მთავრობას და პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს.
წყარო: www.barristers.ge