თბილისი. გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) დახმარებას გაუწევს სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულ კახეთის ფერმერებს. სოფლის მეურნეობის სპეციალისტები და კონსულტანტები გურჯაანის, თელავის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების 30-ზე მეტ სოფელს ეწვევიან. მათი დახმარებით ფერმერები სეტყვით დაზიანებული ვენახებისა და ხეხილის ბაღების რეაბილიტაციას შეძლებენ.
კახეთის რეგიონში უკვე მუშაობს ოთხი საკონსულტაციო ჯგუფი, რომელთა შემადგენლობაში შედიან საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის და კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯთან არსებული სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის ცენტრის გამოცდილი სპეციალისტები.
თეორიული კონსულტაცია და პრაქტიკული ტრენინგი მოიცავს მცენარეთა მოვლას და მკურნალობას, პესტიციდებისა და სასუქების სწორად და დროულად გამოყენებას, დაზიანებული ვენახებისა და ხეხილის ბაღების დაცვას და რეაბილიტაციას.
დღემდე კონსულტაცია და ტრენინგი 700 ფერმერმა გაიარა. სექტემბრის ბოლომდე საკონსულტაციო დახმარებას 1500-მდე ფერმერი მიიღებს. 600 სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთზე ჩატარდება სადემონსტრაციო სამუშაოები და გაიცემა პრაქტიკული რეკომენდაციები.
დახმარების პროგრამა 2012 წლის დეკემბრამდე გაგრძელდება. აგრონომიული კონსულტაციების გარდა ფერმერებთან იმუშავებენ აგრო-ბიზნესის სპეციალისტებიც, რომლებიც რჩევებს მისცემენ ფერმერებს ფინანსური ზარალის შემცირებისა და მეურნეობის სამომავლო განვითარების საკითხებზე.
კახეთის ფერმერთა დახმარების პროგრამა დაიწყო 2012 წლის აგვისტოში მას შემდეგ, რაც ძლიერმა წვიმამ, სეტყვამ და ქარბორბალამ დააზიანა სასოფლო-სამეურნეო ნარგავები რეგიონის ოთხ მუნიციპალიტეტში და პირდაპირი ზარალი მიაყენა 17 ათასზე მეტ ოჯახს.
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) 2006 წლიდან მუშაობს კახეთის რეგიონში. UNDP-ის დახმარება მოიცავს რეგიონის ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერას, პროფესიული განათლების განვითარებას და ფერმერთა საკონსულტაციო მომსახურების ხელშეწყობას.
წყარო: cenn