სამცხე–ჯავახეთი. ორგანიზაცია ,,დემოკრატ მესხთა კავშირთან" არსებულ, ახალციხის ახალგაზრდული ქსელის წევრებს გაეროს მოდელირების ტრენინგი ჩაუტარდათ. ტრენინგს საქართველოს გაეროს ასოციაცია უძღვებოდა.
ახალგაზრდები გაეცნენ გაეროს მოდელირების სპეციფიკას, ძირითად პრინციპებს და მექანიზმებს. აქვე გადაწყდა, რომ მომზადდება და ორ კვირაში გაიმართება მორიგი მოდელირება, რომლის თემა სირიის კრიზისი იქნება. ახალგაზრდები წარმოადგენენ გაეროში შემავალი ქვეყნების პოზიციებს სირიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
გაეროს მოდელირება მსოფლიოში აღიარებული და აპრობირებული თამაშია. მოდელირების ორგანიზატორთა მიერ სპეციალურად შემუშავებული მეთოდოლოგიის გამოყენებით, მონაწილეები პრაქტიკული მაგალითებით ეცნობიან საერთაშორისო პოლიტიკის თავისებურებებს, რაც მათ საშუალებას აძლევთ უკეთ გაეცნონ მრავალმხრივ დიპლომატიას და ამავე დროს გაერთონ.