გურია. გასულ შაბათს ოზურგეთში, ჭადრების ბაღში, უჩვეულო სანახაობა უცხოელმა მოხალისეებმა წარმოადგინეს. ირლანდიის მფარველი წმინდანის, პატრიკის დღე, პოლონეთიდან, საფრანგეთიდან და გერმანიიდან „სტუდენტრ-ახალგაზრდული სათათბიროს" მოხალისეებმა აღნიშნეს. ევა, ჯოანა, მატილდა, ერელი და მარგრიტი პარკში შეკრებილი ოზურგეთელებისთვის ხალისიანი განწყობის შექმნას ცდილობდნენ.
რადგან წმინდა პატრიკთან მწვანე ფერი არის ასოცირებული, ისინი დამსწრეებს, რომელშიც განსაკუთრებით ბავშვები ჭარბობდნენ, მწვანე ნამცხვრით გაუმასპინძლდნენ. შეასრულეს ირლანდიური მუსიკა არფისა და ვიოლინოს თანხლებით.
მოხალისეთა იგივე გუნდი ოზურგეთელებს ბევრ კარგ სიახლეს ჰპირდება. ამჟამად მუშაობებ ოზურგეთის ძველი კინოს შენობაში პირველი ახალგაზრდული ცენტრის დაფუძნებაზე, სადაც ახალგაზრდებისთვის უფასო იქნება, როგორც საგანმანათლებლო, ასევე სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები. ახალგაზრდული ცენტრის გახსნა აპრილის თვეში იგეგმება.