თბილისი. 50 არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს პარლამენტს მიმარავს. „2013 წელს, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, ხელისუფლებამ გამოაცხადა თვითმმართველობის ახალი რეფორმის დაწყება. რეფორმის მიზანი იყო დანგრეულიყო ის სახელისუფლებო ვერტიკალი, რომელიც თვითმმართველობის ფასადის მიღმა წინა ხელისუფლებამ ჩამოაყალიბა. სამწუხაროდ, ამ მიზნით ჩადებული ყველა რეფორმისტული დებულება ნიველირებულ იქნა კანონპროექტის სამთავრობო და საპარლამენტო განხილვებისას გასული წლის დეკემბერში", ნათქვამია მიმართვაში, სადაც ჩამოთვლილია კონკრეტული საკითხები.
„... მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ეფუძნება კანონის სულისკვეთებას, საზოგადოების განწყობებს, თვითონ მთავრობის მიერ დეკლარირებულ დეცენტრალიზაციის პრინციპებს. არ იქნა გათვალისწინებული ის ფაქტიც, რომ მსხვილი მუნიციპალიტეტების შენარჩუნება, მთლიანად რეფორმის ჩაშლის მიზეზი შეიძლება გახდეს და საბოლოოდ დავკარგოთ ის მცირე მიღწევები, რომლებიც ამ რეფორმას შეიძლება მოჰყვეს.
მოვუწოდებთ პარლამენტს, გაითვალისწინოს საკრებულოების, მაჟორიტარი დეპუტატების, განსაკუთრებით, გორისა და ახალციხის საკრებულოების პოზიცია და მთავრობას ამ მუნიციპალიტეტების ოპტიმიზაციის დამატებითი განხილვა და შესაბამისი წინადადების წარდგენა მოსთხოვოს", ნათქვამია მიმართვაში.
წყარო: ვებგვერდი სოციალურ ქსელში „თვითმმართველობის დროა"