თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მთავრობის მიერ პარლამენტში ინიცირებული ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის შესახებ განცხადებას ავრცელებს. იგი ორგანიზაციამ 9 აპრილს ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა. „2014 წლის 2 აპრილს საქართველოს მთავრობის ინიციატივით პარლამენტში შევიდა ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” კანონპროექტი, რომლის ავტორიც საქართველოს მთავრობის კანცელარიაა. ინიცირებული დოკუმენტი მნიშვნელოვნად განსხვავდება რამდენიმე თვის წინ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ავტორობით შექმნილი პროექტისაგან, რომლის მომზადებაშიც აქტიურად ჩართულნი იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, ეთნიკური, რელიგიური და სხვა სოციალური ჯგუფების წარმომადგენლები. პარლამენტისათვის წარდგენილი კანონპროექტი აღარ ითვალისწინებს დისკრიმინაციის აღმოფხვრისაკენ მიმართული სპეციალური ინსტიტუტის - თანასწორობის დაცვის ინსპექტორის შექმნას", ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: gyla.ge