თბილისი. 28 სექტემბერს „სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" არჩევნებისთვის ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისიისა და მეთოდოლოგიის პრეზენტაცია გამართა. ორგანიზაციის 1100–ზე მეტი დამკვირვებელი არჩევნებს ხმების პარალელური დათვლის მეთოდით (PVT) დააკვირდება. ეს მეთოდი გულისხმობს შემთხვევით შერჩეულ უბნებზე ხარისხობრივი და რაოდენობრივი ინფორმაციის შეგროვებას და ანალიზს. დამკვირვებლები დააკვირდებიან არჩევნების პროცესს მთელი დღის განმავლობაში ყველა ეტაპზე (საარჩევნო უბნის გახსნა, ხმის მიცემა, ბიულეტინების დათვლა და ა.შ.).
პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობისას „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლები არჩევნებს 73–ვე ოლქში დააკვირდებიან და არჩევნების პროცესის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას ცენტრალურ ოფისს მიაწვდიან. თავის მხრივ, ორგანიზაცია საზოგადოებას რეგულარუად გააცნობს დამკვირვებლებისგან მიღებულ ინფორმაციას.