თბილისი. ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს" ვებგვერდზე სოციალურ ქსელში განთავსდა ფონდის დირექტორის, ქეთი ხუციშვილის მოსაზრება დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონთან დაკავშირებით.
ფონდის დირექტორის, ქეთი ხუციშვილის თქმით, „შეიქმნა ძალიან არაჯანსაღი სიტუაცია ქვეყანაში. ძალიან მწვავე დისკუსია დაიწყო ამ თემებზე ისე, რომ მე ეჭვი მეპარება, რომ ბევრს ეს კანონპროექტი წაკითხული ჰქონდეს. საერთოდ, კანონების წაკითხვა ადვილი არ არის. მეც ყოველთვის ვითხოვ ხოლმე იურისტების დახმარებას, რომ დამატებით განმიმარტონ ესა თუ ის პუნქტი. კანონი, რომელზეც დღეს არის საუბარი, ეს არის დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის თაობაზე. აქ იგულისხმება ყველა სახის დისკრიმინაცია, იქნება ეს რასა, ეთნიკური კუთვნილება, შეზღუდული შესაძლებლობები, სექსუალური ორიენტაცია თუ სხვა რამ. მე მჯერა, რომ საქართველო ისტორიულად ტოლერანტული ქვეყანა იყო. ამიტომ, მე ძნელად წარმომიდგენია საქართველოში ადამიანი, რომელიც დისკრიმინაციის მომხრეა ან მომხრე იქნება იმისა, რომ ადამიანი, ვთქვათ, არ აიყვანო სამსახურში მხოლოდ იმის გამო, რომ არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, ან ადამიანი არ აიყვანო სამსახურში მხოლოდ იმის გამო, რომ მისი კანის ფერი არ ემთხვევა ჩვენსას, ან იმის გამო, რომ იგი ქართველი კი არა, სომეხია. მე მეჩვენება, რომ მოხდა ამ თემის არაჯანსაღად აგორება და ზოგიერთი პოლიტიკური ძალის მიერ საკუთარი რეიტინგის გაზრდაზე ზრუნვა, მოხდა ხალხის ყურადღების გადატანა, რომ თითქოს ეს ეხება სექსუალური ორიენტაციის ადამიანებს, თითქოს ეს კანონპროექტი განსაკუთრებულ უფლებებს ანიჭებს მათ. რა თქმა უნდა, ეს სიმართლე არ არის. რა თქმა აქ საუბარია იმაზე, რომ ისევე, როგორც ღმერთის წინაშე, კანონის წინაშეც ყველანი უნდა ვიყოთ თანასწორნი. მემგონი, ეს არის ელემენტარული ჭეშმარიტება, რაც სადავო არ უნდა იყოს".