თბილისი. 17 აპრილს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის" მხარდაჭერით გამოაქვეყნა კვლევა - „საქართველოს სატელევიზიო აუდიტორიის რეიტინგები - გამოწვევა საქართველოს მედია სექტორისათვის". ღონისძიებასთან დაკავშირებით ინსტიტუტმა განცხადება გაავრცელა.
„ორგანიზაციის მიერ კვლევის გამოქვეყნების, ორგანიზებული პრეზენტაციის და გამართული დისკუსიის მიზანს წარმოადგენდა სატელევიზიო რეიტინგების საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტის განხილვა, შედარება რამდენიმე ქვეყნის პრაქტიკასთან, საქართველოში არსებული პრაქტიკის დადებითი და უარყოფითი მხარეების მიმოხილვა და რეკომენდაციების შემუშავება საკითხში ჩართული და დაინტერესებული მხარეების დისკუსიაში მონაწილეობის გზით. პრეზენტაცია და დისკუსია დაგეგმილი იყო როგორც სამუშაო შეხვედრა. სწორედ ამიტომ მედია არ იყო მოწვეული ღონისძიების გასაშუქებლად.
სამწუხაროდ, კვლევაში დაფიქსირებული საკითხების არსებითი შეფასების და შესწავლის გარეშე მოხდა თემის პოლიტიზირება და სხვადასხვა არასწორი ინტერპრეტაციის წარმოდგენა, რაც ვფიქრობთ კიდევ ერთხელ შეუშლის ხელს სატელევიზიო რეიტინგების შეფასების საკითხის ირგვლივ არსებული პრობლემების მოგვარებას", ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: idfi.ge