თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციები: საია, ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო", გამჭვირვალობა, სამართლიანი არჩევნები განცხადებას ავრცელებენ საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ინიცირებულ ცვლილებებზე. „13 მაისს ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა პარლამენტის წევრების, გია ჟორჟოლიანისა და ვახტანგ ხმალაძის მიერ მომზადებული და ინიცირებული კანონპროექტი, რომლის განხილვაც დაჩქარებული წესითაა დაგეგმილი. კანონპროექტის მიხედვით, უქმდება „საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში თებერვალში შეტანილი ნორმა, რომელიც არჩევნების შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეების გათავისუფლებას ითვალისწინებდა. მივესალმებით ამ შინაარსის კანონპროექტის ინიცირებას და მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს, მხარი დაუჭირონ მას, რათა თავიდან იქნეს აცილებული არჩევნების შემდეგ ადგილობრივი თვითმართველობის მოხელეების შრომითი უფლებების დარღვევა", ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: transparency.ge