21 მაისს, ახალციხის, თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში, „სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის" ორგანიზებით, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმასა და თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.
შეხვედრა, აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეგიდით მიმდინარე პროექტის, „დემოკრატიული მმართველობა საქართველოს" პროგრამის ფარგლებში მოეწყო.
დისკუსიას ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პედაგოგები, სკოლის მოსწავლეები და სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.
თვითმმართველობის კოდექსში შესული ცვლილებები დამსწრეებს „სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის" წარმომადგენელმა კოტე კანდელაკმა გააცნო. შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
როგორ გაიმიჯნება მერისა და გამგებლის უფლებამოსილებები, როგორ უნდა აირჩიონ საკრებულოს წევრები, მერი, გამგებლები და რა კომპეტენციები ექნება თვითმმართველობას არჩევნების შემდეგ. როგორ უნდა ჩამოყალიბდეს საკონსულტაციო საბჭო, რომელიც გუბერნატორის აპარატში შეიქმნება, ვინ იქნებიან წევრები და რა უფლება-მოვალეობები ექნებათ, – ამ საკითხებით დაინტერესდნენ შეხვედრის მონაწილეები.
პროექტის ფარგლებში მსგავსი შეხვედრა 26 ქალაქში გაიმართება.