გურია. სტუდენტურ–ახალგაზრდული სათათბირო, გაზეთი „გურიის მოამბე" და განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი ახორციელებენ პროექტს: „ჩვენ მივდივართ არჩევნებზე. მოდი შენც".
პროექტის მხარდამჭერია „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი". პროექტის ფარგლებში, „გურიის მოამბე" იწყებს გადაცემათა ციკლს, რომლის საშუალებითაც გაზეთის მკითხველს და ვებგვერდის მომხმარებლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ინფორმაციას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ.
გადაცემების სტუმრები იქნებიან, როგორც საკრებულოს წევრობის, ასევე მერობისა და გამგებლობის კანდიდატები. პირდაპირი ეთერის (Livestream) საშუალებით მოეწყობა დებატები ქალაქ ოზურგეთის მერობის კანდიდატებს შორის. გაზეთის მკითხველს და ვებ-გვერდის მომხმარებლებს საშულება ექნება წინასწარ და შეხვედრის მსვლელობის დროსაც დაუსვას შეკითხვები კანდიდატებს.
პროექტი „გურია - ჩვენ მივდივართ არჩევნებზე! მოდი შენც!" მიზნად ისახავს 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებისათვის ახალგაზრდებში საარჩევნო ცნობიერების ამაღლების, სამოქალაქო პასუხისმგებლობის ზრდისა და არჩევნებში ამომრჩევლის როლის გააქტიურების ხელშეწყობას გურიის რეგიონის სამი მუნიციპალიტეტის (ოზურგეთი, ჩოხატაური, ლანჩხუთი) მასშტაბით.