კახეთი. ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს” წარმომადგენლები, 29 მაისს, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ.
საუბრის მთავარი თემა მედია გაყიდვების სფეროში ახალგაზრდების დასაქმება იყო. აქცენტი დღევანდელ მედია ბაზარზე არსებულ ისეთ პრობლემეზე გაკეთდა, როგორებიცაა: ონლაინ მედიარესურსებისა და დამოუკიდებელი სატელევიზიო სტუდიების მიერ საზოგადოებრივი ინტერესის გამომხატველი მედიაკონტენტის შექმნა, მედიის, როგორც ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო უნარების გაუმჯობესება, ჟურნალისტური სტანდარტისა და მედიაწიგნიერების დონის ამაღლება, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შეუფერხებელი და არადისკრიმინაციული პროცესის უზრუნველყოფა.
ირაკლი ცერცვაძე, მედია პროგრამების კოორდინატორი:
„სტუდენტებს ჩვენი ფონდის ახალი ინიციატივა – მედია პროგრამა წარვუდგინეთ, რომელიც მიზნად გაყიდვების კუთხით მცირე მედია ორგანიზაციების დახმარებას ისახავს. დღევანდელი გასაუბრების შედეგად შევარჩევთ აქტიურ, კომუნიკაბელურ სტუდენტებს, ისინი შესაბამისი ტრენინგ-კურსის გავლის შემდეგ აღნიშნულ სფეროში დასაქმდებიან."
დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეუძლიათ ეწვიონ ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს საიტს:
www.osgf.ge