აჭარა. 30 მაისს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ორგანიზებით საჯარო დისკუსია გაიმართა. შეხვედრის თემა იყო „ანტიდისკრიმინაციული კანონი თანასწორი პოლიტიკისთვის". მომხსენებლები ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციის „დემოკრატიის ინსტიტუტის" თავმჯდომარე გენო გელაძე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, გიორგი გოცირიძე და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის დირექტორი თამთა მიქელაძე იყვნენ.
„რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ამა წლის 2 მაისს საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონი ქმედითი პოლიტიკის საფუძველი გახდეს საქართველოს მოქალაქეებს შორის რეალური თანასწორობის დამკვიდრებისთვის?" – აღნიშნულ კითხვას ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების, საჯარო სექტორისა და მედია საშუალებების წარმომადგენლები პასუხობდნენ. ასევე,მ შეხვედრის მონაწილეებმა კანონის ძირითადი დანიშნულება და მისი დანერგვის თანმდევ პროცესები განიხილეს.