თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო განცხადებას ავრცელებს, რომლითაც მოუწოდებს აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებს თავი შეიკავონ მედიის საქმიანობაში ნებისმიერი ტიპის ჩარევისგან. ორგანიზაციამ განცხადება ტელეკომპანია ტვ 25–ის ჟურნალისტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მედეა ვასაძის სატელეფონო საუბრის გასაჯაროების შემდეგ გააკეთა.
„საუბარის შინაარსი ეხება 8 ივნისს ტვ 25-ის ეთერში გასულ საგამოძიებო ფილმს სახელად „უმაღლესი კომფორტი", სადაც მოთხრობილია როგორც აჭარის უმაღლესი საბჭოს აქტივობებზე, ისე კონკრეტული დეპუტატების საქმიანობაზე. ფილმის ეთერში გასვლის შემდეგ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მედეა ვასაძე დაუკავშირდა გადაცემის ავტორს, ჯაბა ანანიძეს და ის ფაქტების დამახინჯებაში დაადანაშაულა. ჩანაწერში ისმის, როგორ ემუქრება მედეა ვასაძე ჟურნალისტს მის საწინააღმდეგოდ მოქმედებების დაწყებით... „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" მოუწოდებს აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებს თავი შეიკავონ მედიის საქმიანობაში ნებისმიერი ტიპის ჩარევისგან და ჟურნალისტების მიმართ მუქარის შემცველი განცხადებებისგან. ასევე, მოვუწოდებთ აჭარის უმაღლეს საბჭოს იმსჯელოს მომხდარ ფაქტზე და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება".
წყარო: transparency.ge