თბილისი. 23 ივნისს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ პრესკონფერენცია გამართეს და ფონდ „კონსტანტას" საქმეზე გამოძიების აუცილებლობაზე ისაუბრეს. ამ საკითხზე ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადებაც გაავრცელეს.
„არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის ანგარიშებისა თუ კვლევების მიხედვით, საქართველოში საკუთრების უფლება წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო მასობრივად დარღვეულ უფლებას წარმოადგენდა. ამ ფაქტს დღევანდელი ხელისუფლება სადაოდ არ ხდის. თუმცა, სამწუხაროდ, სახელმწიფოს რეაგირება ამ დარღვევაზე არაეფექტურია. უფრო მეტიც, რამდენიმე საგამონაკლისო საქმის გარდა, საკუთრების უფლების დარღვევებზე რეაგირება ფაქტობრივად არ მომხდარა. ... საქმეთა გარკვეულ ნაწილში არსებობს დარღვეული უფლებების სასამართლოს მეშვეობით აღდგენის შანსი. სამწუხაროა ის გარემოება, რომ ჩვენთვის ცნობილ საქმეებში სახელმწიფო ორგანოები, რომლებიც მსგავს დავებში მოპასუხეებად არიან მითითებულნი, სათანადო რეაგირების ნაცვლად, წლების წინ სავარაუდოდ დანაშაულებრივად უკანონოდ მიღებული გადაწყვეტილებების გამართლებას ცდილობენ. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა ფონდი ,,კონსტანტას" საქმე. ... მოვუწოდებთ ყველა სამართალდამცავ და ადმინისტრაციულ ორგანოს, კომპეტენციის ფარგლებში ეფექტურად მოახდინონ ზემოაღნიშნულ და სხვა მსგავს დარღვევებზე რეაგირება. ამასთანავე აუცილებელია, საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება უკანონოდ ჩამორთმეული ქონების მესაკუთრეთა უფლებების აღსადგენად", ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: gyla.ge