თბილისი. ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში სახელმძღვანელოს „არა ბარიერებს, არა საზღვრებს" ქართული გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომელთა ინტერესის სფეროს ინკლუზიური ჯგუფები და მათთან დაკავშირებული პრაქტიკული სამუშაოები წარმოადგენს.
სახელმძღვანელო წარმოადგენს პრაქტიკულ გზამკვლევს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის, ტრენერებისათვის, ახალგაზრდული მუშაკებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის, რომელთაც სურთ დაგეგმონ და განახორციელონ ინკლუზიური პროექტები - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და არმქონე ახალგაზრდების ერთობლივი მონაწილეობით. გზამკვლევი შეიცავს, როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ რჩევებს ინკლუზიური საგანმანათლებლო აქტივობების ტექნიკური და შინაარსობრივი ნაწილის ორგანიზების შესახებ.
სახელმძღვანელოს ინგლისური ვერსია შეიქმნა ევროკომისიის რესურს-ცენტრის „სალტო-ინკლუზიის" ინიციატივით. 2014 წელს წიგნი ქართულად თარგმნა და გამოსცა ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულმა ცენტრმა პროექტის „სოციალური ინკლუზია ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობისათვის" ფარგლებში.
წყარო: ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი