თბილისი. 8 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველმა და დევნილთა არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელმა „სინერგიამ" ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. თანამშრომლობის მიზანია იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებებისა და თავისუფლების დაცვისათვის, საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების გათვალისწინებით, მდგრადი სამართლებრივი და სოციალური პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება.
მემორანდუმის ფარგლებში მხარეები გეგმავენ ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნას, სადაც კონსულტაციებისა და დისკუსიების გზით მოახდენენ იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დარღვევის ფაქტების გამოვლენას და პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას; ასევე, დევნილთა განსახლებასთან დაკავშირებით საინფორმაციო უზრუნველყოფას.
წყარო: ombudsman.ge