თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი" (EPRC) საქართველოში აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის განვითარების მცირე საგრანტო პროგრამის მხარდაჭერით აწყობს ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურში მონაწილე პარტიების და კანდიდატების სოციალური და ეკონომიკური პლატფორმების განხილვას.
ხუთშაბათს, 10 ივლისს 13:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში", შედგება კოალიცია „ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატის, დავით ნარმანიას - წინასაარჩევნო სოციალური და ეკონომიკური ხედვების პრეზენტაცია-განხილვა.
პარასკევს, 11 ივლისს, 11:00 საათზე სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში" „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატის ნიკა მელიას წინასაარჩევნო სოციალური და ეკონომიკური ხედვების პრეზენტაცია-განხილვა გაიმართება.
პრეზენტაციის შემდეგ გაიმართება დისკუსია. შეხვედრაზე მოწვეული არიან მედიის, ექსპერტული წრეების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ეთნიკური უმცირესობების ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) წინასაარჩევნო სოციალურ-ეკონომიკური დაპირებების პრეზენტაცია-განხილვას 2010 წლიდან ახორციელებს.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში